"დიღმის ჭალების" პარკის პროექტირება დასრულდა. უახლოეს მომავალში ტენდერი პარკის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლიდან გლდანის ხიდებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობა დაიწყება. პროექტისთვის 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, მისი დასრულება კი, 2 წელიწადში იგეგმება.
პროექტის მიხედვით, დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.