ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შორის შეთანხმება შედგა - Palitra News

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შორის შეთანხმება შედგა

2019-04-15 09:04:24+04:00

ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. გარდაცვლილთა ახლობლებმა ექიმები დაუდევრობაში დაადანაშაულეს და პროტესტის ნიშნად გმირთა ხეივანთან გზა გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილეებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა. გარდაცვლილთა ახლობლებმა ზაალ მიქელაძეს რამდენიმე მოთხოვნა გააცნეს, მათ შორის, პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. საბოლოოდ, საპროტესტო აქციის მონაწილეები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეთანხმდნენ, რომ 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ. როგორც ზაალ მიქელაძემ განაცხადა, შეხვედრა დაზარალებული ოჯახების პირველი რიგის ნათესავებთან შედგება და მათთან ერთად შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. იყო პოლიციასთან შეხლა-შემოხლა.