კარტოფილის მოსავლიანობა საქართველოში თანდათან მცირდება, მასზე მოთხოვნა კი იზრდება. დაბალ მოსავლიანობას დაბალი ხარისხიც ემატება. ამის მიზეზი კი სათესლე კარტოფილის გადაგვარებაა. აღსანისნავია, რომ თესლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე იგი იყიდება ყოველგვარი სერთიფიკატის, სწორი შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე. ამას ვირუსული დაავადებებიც ემატება და თესლის ისედაც დაბალი ხარისხი კიდევ მეტად უარესდება ცუდი ტრანსპორტირების პირობებში. პრობლემის აღმოსაფხვრელად, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა შეიმუშავა. პროექტი 3-წლიანია და მისი განხორციელება 2017 წელს დაიწყო. გეგმა ითვალისწინებს ახალი გენოტიპების შემოტანას, შერჩეულ ჯიშებში ვირუსებისადმი გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას, სერტიფიცირებული თესლის სტრატეგიულ გამოყენებასა და მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას.პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოში იწარმოებოდეს იმ რაოდენობის სათესლე მასალა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ცნობისთვის, საქართველოში კარტოფილი დაახლოებით 20 000 ჰექტარზე იწარმოება. კარგი მოსავლის შემთხვევაში ჰექტარზე 30-40 ტონა უნდა მოვიდეს, მაგრამ დღესდღეობით მისი ოდენობა 12 ტონამდეა.