2018 წელს საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია 10 ათას 204 ნებართვა 6 მილიონ 206 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნებართვების 72,6 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,3 პროცენტი თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. სულ, 2018 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 2 მილიონ 91 ათას 900 კვადრატული მეტრი ფართობის 2 ათას 518 ობიექტი.