სროლა იყო თბილისის ცენტრში - ვერაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს. ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ჩაცხრილეს. სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, მელიქიშვილის ქუჩაზე ჩავიდა და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებული არავინაა, თუმცა თავდაპირველად ერთი დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, დაცხრილული ავტომობილი, 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნის. ის საჩხერეში ცხოვრობს. დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.