დიდი ბრიტანეთის პოლიციას სურს დანაშაულის პრევენცია მის ჩადენამდე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოახდინოს. სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და სტატისტიკური მონაცემების კომბინაციას ქმნის, ავლენს იმ პირებს, რომლებმაც დიდი ალბათობით შესაძლოა დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი ადამიანების გამოვლენის შემდეგ პოლიცია აპირებს მათთან თანამშრომლობას და დახმარებას, რათა ისინი შეაჩერონ.
სისტემა ასევე იმუშავებს იმ ადამიანების გამოვლენაზე, რომლებიც შესაძლოა თანამედროვე მონობის ან რომელიმე მძიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდნენ.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი სისტემა გარკვეული პრინციპით იმუშავებს, კერძოდ, მაგალითად თუ რომელიმე სოციალურ ჯგუფში რამდენჯერმე ჩაიდინეს დანაშაული, დიდია ალბათობა იმისა, რომ ჯგუფის სხვა წევრებიც მიდრეკილნი იყვნენ დანაშაულის ჩადენაზე.
საერთო ჯამში სისტემა 1400 ინდიკატორს გამოიყენებს იმისათვის, რომ შეაფასოს რისკები და გამოავლინოს კონკრეტული ინდივიდები, რომლებიც სავარაუდოდ, დანაშაულს ჩაიდნენ.
პროექტზე მომუშავეები გეგმავენ, რომ სისტემის პროტოტიპი მომავალი წლის მარტის ბოლოს წარმოადგინონ, თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნული იდეა „სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს“ წარმოქმნის. მათივე განცხადებით, დიდია ალბათობა, რომ სპეციალურად შექმნილი პროგრამის მიერ გამოვლენილი პირების ჯგუფში ისეთი ადამიანებიც მოხვდნენ, რომელთაც დანაშაული არ ჩაუდენიათ არასდროს და არც აპირებენ.