ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და წარმოადგენს „ოცნების“ დეპრესიული ხელისუფლების ილუზიას, - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ინაწილებენ.გაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ დეზინფორმაცია გაავრცელა და ის პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც გააჟღერეს, რეალობას არ ასახავს.ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კვლევა სტანდარტების დაცვით არ ჩატარებულა და მისი მიზანი საზოგადოებაში არასწორი მოლოდინების შექმნაა.