შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულიაზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.