თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს მსჯავრდებული, თორნიკე კაჭარავაც ესწრებოდა.თორნიკე კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.პროკურორის განმარტებით, თორნიკე კაჭარავას გათავისუფლება ხელს შეუშლიდა საქმეზე ობიექტურობის დადგენას, ვინაიდან გათავისუფლების შემთხვევაში მას შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა. ასევე, ბრალდების მხარის თქმით, გამორიცხული არ იყო, რომ გათავისუფლების შემთხვევაში კაჭარავა მიმალულიყო. როგორც პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, "ბრალდებულს მისივე წარსული ცხოვრება ვერ ააღებინებს ხელს მიმალვისგან".