საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი "გაიცანი საქართველო" გრძელდება. "აღმოაჩინე მეტი სამეგრლოში" მედიატური, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციისა და USAID-ის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა, მიზნად ისახავდა რეგიონში ნაკლებად ცნობილი უნიკალური ბუნებისა და კულტურის ძეგლების, აგროტურიზმის, ახალი ტურისტული მარშრუტების, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების პოპულარიზაციას. ამასთან, თანამედროვე და მოთხოვნადი სერვისების განვითარების მხარდაჭერასა და დამატებითი ტურისტების მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ დამატებით შეიქმნება ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შუეწყობს შეთავაზებათა სპექტრის გაზრდასა და ვიზიტორთა ნაკადის მატებას. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს განახლებული მარტვილისა და შურუბუმუს კანიონები, ნოქალაქევი, ციხეგოჯი, ყანჩების საბუდარა, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია და ასევე, ოცინდალეს წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, საიდანაც ხედი არა მხოლოდ კოლხეთის დაბლობსა და გურიის მთებზე, არამედ ოკუპირებულ აფხაზეთზეც იშლება.