თბილისის მერიას ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოუწევს - Palitra News

თბილისის მერიას ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოუწევს

2018-06-29 11:49:00+04:00

თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია - „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დისკვალიფიცირდა. შესაბამისად, მერიას ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება კიდევ ერთხელ მოუწევს.

ცნობისთვის, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და ერთი მოდელის უნდა იყოს.

გარდა ამისა, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანაც მძღოლთან არსებულ მონიტორზე უნდა ხდებოდეს. ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ, გზისკენ, ხოლო მეორე - მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები კი ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. ამასთან, ავტობუსს უნდა გააჩნდეს გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალებაც.