საპატიმროდან გაქცევის ყველა ისტორია სწრაფად ემსგავსება ლეგენდას. რომანებსა და კინოფილმებში პატიმარი ყოველთვის უსამართლოდ ჩაგრულია, გაქცევა კი, აუცილებლად სამართლიანობის აღდგენად ითვლება და მართალია, მხატვრული ნაწარმოები თითქმის არასდროს ემთხვევა რეალობას, მაგრამ ყოფილი პატიმრები მაინც ხშირად იძენენ სახალხო გმირის პოპულარობას. ასე მოხდა ბილი ჰეისის შემთხვევაშიც, რომლის ისტორია ჯერ ავტობიოგრაფიულ რომანად იქცა, მერე კი, ოდნავ შეცვლილი, ალან პარკერის ფილმის სიუჟეტი გახდა.