მთავრობის მიერ ხარჯების შესამცირებლად გამოცხადებული საყოველთაო ოპტიმიზაციისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პარალელურად, ბიუჯეტის ხარჯზე პრემია-დანამატების გაცემა კვლავ გრძელდება. "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოსა" და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის საგანი ამჯერად საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლებისთვის გაცემული სარგო, პრემია-დანამატები და საწვავის ხარჯები გახდა. საინტერესოა, რომ ხელფასის გარდა, გასულ ოთხ თვეში პრემია-დანამატი სხვადასხვა რაოდენობით უკლებლივ ყველა პარლამენტარმა აიღო.