თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გამოყოფის საკითხზე თბილისის საკრებულოში არ მივიდნენ. თბილისის მერის მოადგილეები ნატო ქიტიაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, იურიდიული სამსახურის უფროსი სოფიო გიგანი და ქონების მართვის სამსახურის უფროსი კარლო ლაფერაძე საკრებულოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიბარა. საკრებულოს წევრებს განმარტება არ მიუღიათ, თუ რატომ არ მივიდნენ ისინი დედაქალაქის საკრებულოში. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკრებულოს სხდომა მიმდინარე თვეში არ დაინიშნა, რაც სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირდება.