მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" "სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოსთან" ერთად, "ქართული ოცნების" დეპუტატების დეკლარაციების შესწავლა 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო. მილიონერი დეპუტატების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება. პირველი ადგილი შოთა შალელაშვილი 34. 907.760 ლარით. მეორე ადგილზეა იოსებ მაკრახიძე, რომლის ქონებაც 13 მლნ ლარს უტოლდება. მესამე ადგილზეა ბექა ოდიშარია, 12.414.270 ლარით, მეოთხე ადგილს ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი იკავებს, რომლის ქონება 10 მლნ ლარს აღწევს. ხუთეულს ასრულებს შევარდნაძის დროინდელი შს მინისტრი, ახლა კი ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.