"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. გარემოვაჭრეების თქმით, მათთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული, რომლებმაც განუცხადეს, რომ შაბათიდან უნდა შეეწყვიტათ საქმიანობა. თუმცა, მათ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. აქციაზე "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, ხელისუფლება კი არ ცდილობს, რომ გარევაჭრობა მოაწესრიგოს, ის ადამიანებს ლუკმა-პურს ართმევს.
გარემოვაჭრეთა აქციაზე "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მივიდნენ, რასაც შელაპარაკება მოყვა. ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ასევე შეკითხვით მიმართეს აქციაზე მყოფ "დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს ლაშა ჩხარტიშვილს, თუ რა შედეგი გამოიღო და რა აზრი ჰქონდა "ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მხარდამჭერ აქციებს. ლაშა ჩხარტიშვილმა მათ უპასუხა, რომ აქციები კიდევ არის საჭირო. როგორც "ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული აღნიშნავს, მას შემდეგ რაც "ბავშვთა სამყაროს" შენობა დაიწვა, მას სურდა, ვაჭრობა გარეთ გაეგრძელებინა, თუმცა, გარემოვაჭრეებმა 500 ლარი მოსთხოვეს.